ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1263. “აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1264. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო, ოროვე კვლავ ერთგან შენათხზენაო!

1265. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1266. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული, შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1267. “ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, – მოსრულანცა ქაჯნი შინა? – მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ ა?

1268. “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე, მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე! შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს,მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1269. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა, – “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

1270. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჰხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1271. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი; იგი მზე დაკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი.

1272. ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭკნდები!”

1273. პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულ–ჰთქვამს, იკითხავს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1274. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?” მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულხარ, მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1275. “ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1276. “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა, მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

1277. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი? უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა მიწერილი

1278. პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1279. “შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1280. “სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების, დაიჯერე!