ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

1124. “გამოჰზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა; ვერა ჰნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1125. “მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოჰსვეს კიდობანითა, ახადეს, ქალი გარდმოჰხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, – მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1126. “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1127. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი; ვუჩვენე: “ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.

1128. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰხოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, გაჰხდი კარგად, ეცადენით.” ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1129. “მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დაჰხოცენით!” დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის-პირს ხანსა არ დაჰჰზმიდეს.

1130. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა; ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ჰნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1131. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1132. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შეველკვეთე, გავესულე.

1133. “ვკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1134. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოჰსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1135. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1136. “ვთქვი, უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა, მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა!”

1137. “ავიყვანე იგი პირ მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1138. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1139. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შეველხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; აწ უმისოდ ვით ცოცხალ-ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1140. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1141. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოჰსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1142. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1143. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მჰნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, – სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.