ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

875. “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა, ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა, რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.

876. მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა, ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა, რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა? აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

877. “ამას მოკვდავი ვილოცავ, არ ოდეს ვითხოვ არ ენით: აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით, მუნ ერთმანერთი კვლავ ვნახნეთ, კვლავ რამე გავიხარენით; მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

878. “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ-კერძ იროს, მივეგები, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს, – ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივეზიროს.

879. “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა: სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა: არ ცოცხალ-ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა! დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.

880. “რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად, სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად; აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად, მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად.

881. “ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა; ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა; მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”.

882. კვლავ ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა, ეტყვის: “თუ მოჰკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა! ნუ იქმ, არა ჰსჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა”. ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა ვერითა.

883. მერე უთხრა: “აჰა, რადგან არ მომისმენ არას არა, აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა; თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, დაცამჭნარა! ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ ცრემლი ამად ჰღვარა.

884. “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა, მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა; ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა, შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვსთქვა რითა?

885. “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი, ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი, ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი; მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი”.

886. ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არ ვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა, ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა; დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

887. ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”. მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა, ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

888. შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა, მისთვის სძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის ფერთა; მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

889. რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან, განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან, ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან; ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მძრახმან.

890. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული, – ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”.

891. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

892. ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რადგან გისთქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: ჰსჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

893. “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი, პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

894. “თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”