ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

953. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა – მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა!

954. “მოდი მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ არს ლხენითა.

955. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

956. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე ამბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა თმასა.

957. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები; მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

958. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

959. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია, მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

960. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს; სიცოცხლისა იტყვის თუსა, – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

961. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან; მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან: ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

962. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი, კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი, ინდოთ,არაბთ, საბერძნეთით, მაშრიყნი და მაღრიბელნი, რუსნი,სპარსნი, მოფრანგენი და მისრერით ეგვიპტელნი.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლვა ტარიელს რომ გაეყარა

963. ყმა მტირალი სამოც-და-თ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა, შორით ჰნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?”

964. მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა; ჩვენცა მისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

965. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალუძს მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მზგავსი ცით შუქთა ფენისა.”

966. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

967. მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ხრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი; ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

968. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? თქვენმცა მაშინ ვენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

969. იგი წავიდეს, დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა, მიაცორვებს და მიუბნობს, მოსსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ჰჰქუხან, ცრემლსა ჰსწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

970. ვინც გზას ჰნახნის უცხონი, მსახურებდიან, ყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გჰზის ყოლაუზი მისციან; ჰკითხის რა, უამბობდიან.

971. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ჰნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.