ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

816. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი დაღრეჯით, არ მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

817. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსსთქვამს, იტყვის: “ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი” – პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი – “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

818. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები, შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

819. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, – აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

820. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები, – შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუ თუ კვლავ ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

821. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; სთქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

822. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულ-თქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა; რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა? სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა!”

823. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

824. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი, დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, – მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

825. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლავ იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შეველწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცეს გზანი!”

წასლვა ავთანდილისაგან მეორედ გაპარვით და ტარიელის შეყრა

826. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

827. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მისტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იასჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.

828. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელჰყვის დაძრვად ენისად, მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად; ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

829. სთქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, ჰსჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!

830. “მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა! თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა, მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

831. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გსთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

832. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

833. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

834. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, – მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”