ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

806. “თუღა გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.

807. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი, კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

808. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა მდინანი. მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.

809. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

810. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

811. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად: “მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!”

812. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!”– პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირნა მისნი მჭვრეტნი, – “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!

813. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

814. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რა, გლახ ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?

815. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

816. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

817. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა, სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”

818. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

819. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

820. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!”

წასლვა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

821. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

822. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა.

823. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

824. თქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს, რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს, სჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს!