ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

711. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

712. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მი და მოდა; მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

713. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანნეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი; დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!

714. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა

715. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა! ” რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა!

716. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ – მჭვრეტთა სავაგლახეო, ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

717. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა; კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

718. კვლა იტყვის: “გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება; მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი

719. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე; იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს და-მცა-ვფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

720. ვაზირმან ცნა, გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა დღეს ნიშანი სიხარული!” მიეგება, თაყვანის- სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული: ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”.

721. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

722. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

723. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონე ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

724. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სული არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა; ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

725. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება და; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

726. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

727. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

728. “რაცა გითხრა ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა, ოსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!

729. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ-მეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან; მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვაო, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან.