ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

941. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, მისწვდომია ხმა ცამდის იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ცა-მდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

942. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

943. ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა; იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და !”

944. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთა და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

945. “თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

946. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

947. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.

948. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა!

949. “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.

950. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.

951. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა თმასა.

952. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

953. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

954. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

955. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, – სიცოცხლისა იტყვის თუსა, – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

956. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

მისვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

957. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?”

958. მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა: აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა; ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

959. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა.”