ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

816. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გსთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად.

817. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი. ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

818. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეეღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

819. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა”.

820. ღამე ალხენდის, დღე ჰსჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა. რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლავ გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

821. მარტო, მოთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მუნ ვაგლახიანი”.

822. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, მიუბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა; ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა; ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

823. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვივა, აკოცებს და ეუბნების, კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.

824. ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა”. ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”.

825. ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა, იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა, ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა.

826. “თუ უმისოდ სოფელს-ყოფა რადგან ჩირად არ მიღირდა, რად დავიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა, მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაჰპირდა. მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა”.

827. კვლავ ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისა დამძიმებასა, მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა, იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.

828. “გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან; უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან, შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

829. “შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა, მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა. ენა დაშვრების, გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა, ამას მით ვაზრობ, მიჰნახავს მე უბედურსა შობილსა.

830. “ჯერდ მისი მზგავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია: თუ არ კაცთაცა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია, დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია. თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

831. “მას წამავალსა ვკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: “მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ მისა დამვედრე დებულსა”. მიჰბრძანა: “მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა. ამათ არ დავყრი, არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა”.

832. “მას ზენარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები; თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, ჰსთქვას ვაგლახი და უები, ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები”.

833. “ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა; ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა. მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულთქმისა ზედა ზედისა, დავიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა.

834. “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა ჰსწერია: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”. აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; თუცა მონახე, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.

835. ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად. მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად: გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად, მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.