ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

779. “არ-დავიწყება მოყვრისა არ-ოდეს გვიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა; ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა.

780. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეჭელსა, შედრეკილსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა; კაცი, ჯაბანი რითა ჰსჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა, ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

781. “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ-გულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. ჰსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.

782. “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: ცთების და ჰსცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

783. “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან; ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

784. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,- მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები; მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

785. “რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წარსაგებლად, შენგან კიდევ არვინ მივის ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად.

786. “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის, ამად გვედრებ სულსა ჩემსა, – წიგნი გკადრებს,არ გეთნევის, არას მარგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის, – შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის.

787. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, – ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, – ნუგეშინი-ეც წყალობით ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

788. “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წაველ გულითა ხელითა. ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა. სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა”.

789. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისაგან მიზგითას და გაპარვა მისი

790. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო.

791. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, – შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისა წესსა, – მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა მზესა, ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა.

792. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე. თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

793. რა ილოცა, ცხენსა შესჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნა, თუცა ვამნი ადიადნა. მონა სტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან ცრემლნი ჰღვარნა, პატრონისა ვერა მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა.

794. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ჰბრძანა ვეზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლისა

795. რა ვეზირი მოწიწებით დარბაზს ჰნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდ-ხანს სული, აზომ რომე გაგათრივე შენ, ვეზირი გულის-გული.

796. “თუ რად მახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე, მართლად უსთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე” ესე გვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლავდე”.