ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

20. ვთქვა მიჯნურობა – პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

22. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა; ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

23. მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა. სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა; ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნურვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

25. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

26. მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს, ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს; მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოცარდეს, ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

27. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა. ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა, კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

28. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა, ჭირთა მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

29. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს; არ ბედითად ,,ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს; არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

30. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს? ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თვითცა ივნოს? რათამეღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს? რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

31. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა! ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა! თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

32. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა იახლები

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

33. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

34. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

35. მისი სახელი – თინათინ, არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

36. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთენაროსა.

37. “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

38. ვაზირთა ჰკადრეს: ,,მეფეო, რად ბრძანე თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა?!