ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

517. “ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?” კვლაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა? დიცურად რად მოვღორდი? მე დაუწვავ ამით ალსა.

518. “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქმნას და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

519. “გახსოვს, ოდეს “ჰაი” ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა-ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხვანი რანი ჰგვანდეს, რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

520. “ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!

521. “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!” ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.

522. თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!

523. “შევხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვჰკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე, რათგან არ მომკალ, პასუხი ერთია გკადრო მე ბარე.

524. “რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია; მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო”, თავი დამიქნია.

525. “კვლაცა ვჰკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?! მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს?

526. “მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

527. “მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?! ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა, ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

528. “ვთქვი: “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო; თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო, ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

529. “სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა. მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

530. “არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

531. “მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გამქიებული; ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული; ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული; მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.

532. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს.

533. “კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

534. “მე ვჰკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა; რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა; უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა არ-სახმარობა”.

535. “მიბრძანა თუ: “ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

536. “ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო” მისთა სპათაცა ნუ დახოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, – დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?