ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

482. “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

483. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.

484. “მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად; ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე თუ: “ნეტარ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად?

485. “მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ- სათნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.

486. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, არ-ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

487. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღჩას ბაღად უშენოსა; შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

488. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარ იდენ, გულსა ჭირნი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

489. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულადვე მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.

ტარიელის ტირილი და დაბნედა

490. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების; თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

491. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

492. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; თქვა: “ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხვრიტნა”.

493. ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად, დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

494. ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა, გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა; ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

495. “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა. წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

წიგნი ტარიელისა საყვარლისა თანა პასუხად

496. მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი, გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი; ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი, სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი?!

497. “მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე; სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!

498. “განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე; ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე; დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე, სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”