ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

499. “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა; მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა; გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

აქა რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

500. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა; ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა, რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

501. “მიბრძანეს თუ: “ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია; ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია, ყმისა არ-სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.

502. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ, არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ”.

503. “ვთქვი: “თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

504. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია, თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრი არ-რომელია”.

505. “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა, ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.

506. “დედოფალმან თქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?” შეცილებამცა ვით ვჰკადრა, რათგან თვით იყო მნდომელი! მოწმობა დავრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

507. “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი; შესთვალეს: “გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი, თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

508. “კაცი მოვიდა; აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა!”

509. “კვლა გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დავედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად”. მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

510. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

511. “შევჯე, წავე, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

512. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

513. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

514. “იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო მე მივეც რიდე რომელი; მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

515. “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული, მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

516. “მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი- ცისა!” ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?”