ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

390. “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა, “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

391. “შინა მიველ, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, – “ბედი ჩემი უბედური,ვთქვი, ჯერდცა ვერ გამეფდა, ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა,

392. მონა შემოსდგა, – მივეცი საქმესა გაკვირვებულსა – ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, ჰსჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

393. “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო. შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

394. “შემოვლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა გამოჰსჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა. ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

395. “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა ჰსჯობდა მეტად. ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

396. “უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა”. მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

397. “მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა, დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

398. “თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაკაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა. მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მისთქვამს იდუმალვა, ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

399. “ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა, გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა.

400. “წა, შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე, ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ-კერძ ირე; მაგრა რა ვქნა კვლავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე, გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

401. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა, მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

402. “ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა, – მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა, – “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთ-იცა”.

403. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

404. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბალახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა, ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, აწ მიკვირს, მისა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა”.

405. დილასა შევსჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატავეთს, ვერვინ მიძრახავს მხდლობასა, უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

406. “დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, – ვინ ხატავეთის ხანია, – მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენი ინდონთა თხანია”.

407. “მე შემამძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი. მითხრეს: “გკადრებს, – ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

408. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია, თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია ჩვენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

409. “გვერდსა დავისხენ ვეზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთ-ხელ კვლავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით.