ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

315. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა სთქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

316. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მზგავსი,მზისაგან შვენებით არ შეფრობილი, მისა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი.

317. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწდომსა. მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

318. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა.

319. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს სჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, – მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

320. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

321. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა, დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა, ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

322. “მოჰსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან. აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან.

323. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა, ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა. მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა. ერთგულთა შექნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

324. “მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

325. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა” ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

326. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა: გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნა ინდოეთს მფლობელთა; შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

327. “მათ საჯდომთა ახლოს დამჰსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ-ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გაუმიჯნურდა

328. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა.

329. “ბახჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

330. „ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა. მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებითა. შიგნით შევედით, სრა დაგვხვდა, მოცვული ფარდაგებითა. მაშინ ნასობთა ლახვართა, სულო, ვით დაუდგებითა.“

331. “მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა, ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა.

332. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

333. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა, ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა.