ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

354. “კაცი მოვიდა მეფისა, – სწადსო, ამბისა სმინება მოყვანა ვუთხარ ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

355. “დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ, აბა;” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

356. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

357. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად, ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად, ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

358. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი. ქალი ვინმე გიკითხავსო, “ინახვისცა ამირბარი,” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

359. “ავსდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად “შადი”– ვუთხარ, – “ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად” გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა ქმნათა აუგისა საკრძალველად.

360. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის მცა, მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა”. გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა, ვთქვი: “არ იცის აშიკობა თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა”.

361. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

362. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდი შემართება გულსა მისა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარლისადმი მიწერილი პირველი

363. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა, აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

364. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია, ჰსჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია, ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

365. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია; მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

366. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე, მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი

367. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია, მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია, სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.

368. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე: “მზეო რადგან, ჩემთვის ნათლად აღმოხდები. აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

369. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, – ვინცა გნახოს, ჩემგან მისა საუბარსა ვერა სცნობდეს ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

370. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისის, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

371. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, – “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.