ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

374. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - ვუთხარ,“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა – ქმნათა აუგისა საკრძალველად.

375. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი-მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა.”

376. “მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა; გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა; ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

377. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარლისადმი მიწერილი პირველი

378. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა; აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

379. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? ჰსჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია; ხატავეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

380. “შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

381. “მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე! მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი

382. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

383. “ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: “რადგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები; რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

384. “ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, – ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

385. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

386. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, – “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

387. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა! დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველლ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს; მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მინაწერი და კაცის გაჰგზავნა

388. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი; ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

389. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. ჰსჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

390. “კაცი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.