ვეფხისტყაოსანი, 1975 წ.

274. ყმამან უთხრა: «რას მენუკევ, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე».

275. ქალმან კვლა ჰკადრა: «გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ- სავნებლისა ვნებითა».

276. ყმამან უთხრა: «თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ, არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ; რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ».

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

277. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად; «არ ეწყინაო», უამბობს, არს მისად მაგულვანებლად, ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად; იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

278. გამოეგება ტარიელ, მართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად; რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვი მე და რად!

279. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს; ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, ქარვად შექმნნეს იაგუნდნი მათნი, თუცა ლალად ღირდეს.

280. მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა, ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა; ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: «თავთა ნუ დახოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა».

281. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული; ყმასა უთხრა: «მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სად მოსრული? მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული».

282. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: «ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

283. «მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია; თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გინახავ, თუ ვითა გიაზრებია, გახსოვსცა, ოდეს დახოცე მონები არ-საპყრებია?

284. «შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით: გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კი დენით.

285. «ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ; ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ; ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

286. «ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია, ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია; აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

287. «მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა». სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა. არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

288. «აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა; თურქნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა; მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა; მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე, გლახ-ა»

289. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის: «მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი; ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი; მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

290. «რას მაქმნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით? თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით. რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

291. «მოვიხედენ, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე; ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს, სხვასამცა რას ვასახე!

292. «კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება, მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება; მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.