ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

1534. შევიდეს, ჰნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა, მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა, და შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მზგავსი გმირისა.

1535. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს, მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს, იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს, და ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1536. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, და მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

1537. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დაჰსვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუჰსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა ჰსჯობს ყოვლსა სანახავისსა, და ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1538. ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა, ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე-და-გამო გულმან კრთომა მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, და ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა”.

1539. “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე, სვიანობა, დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა, ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა, და თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

1540. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: “ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება, და ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება”.

1541. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანეს, მოახსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანეს, მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდრეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანეს, და მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანეს.”

1542. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება ქალსა უთხრა: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება, ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება. და ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება”.

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1543. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ჰზის და ხელმწიფე ზენია, მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, და ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.

1544. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა, ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა, შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამზგავსისა, და მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მზგავსისა.

1545. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები, კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები, მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები, და მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

1546. მუტრიბნი მოჰსდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა, შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა, მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მზგავსი მილისა, და ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდაჰხდა ჟამი დილისა.

1547. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი, მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი, გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი და სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1548. ხვალისად მეფე არაბთა კვლავ პურობს, არ ღაფალია ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია და ჰხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია”.

1549. “აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”. სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად. ქვემოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად. და პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

1550. არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა, ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, არ იხმობს ხელმწიფობასა, გასცემს და უქებს ყოველნი უხვობა-იეფობასა, და ფრიდონ ჰზის ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.

1551. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა, სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, და თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

1552. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე, მზგავსი მათისა ბედისა, ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა, კვლავ მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა, და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მზგავსი ქედისა.