ვეფხისტყაოსანი, 1953 წ.

1348. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1349. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა; იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1350. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად, ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1351. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1352. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა კრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირს ა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1353. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზე-მთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1354. “მე ვერა გიყო ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1355. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი. შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, – ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, – მაშინვე იცნა, აიჭრა, მოშლილი პერანგოსანი.

1356. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1357. მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით; ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით; აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1358. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად; “რა ჰქმენო, რა სცან, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1359. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა; უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა; მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

1360. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა; იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის? არსმცა ამისი მრთელობა?!

1361. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია; ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!”

1362. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1363. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა; აწყა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა”. ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1364. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”.

1365. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია; მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”. ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1366. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა; ვინმცა თქვა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა?!

1367. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი.