ვეფხისტყაოსანი, 1953 წ.

1657. მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო, მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”; ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო? რათგან ისწრაფი, რაღა ვქმნა? მოგელის ლომსა მთვარეო!”

1658. როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები, კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები. “ჩემმაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”. ავთანდილ თქვა: “ არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები”.

1659. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე, რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე! ერთი თვალი, — წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე, — ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

1660. ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა; იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა ალამა; სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა; ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

1661. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1662. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან; მას თანა ტახტსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1663. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1664. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

დასასრული

1665. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, – ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!– ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

1666. ქართველთა ღმრთისა , ვის მზესა დავითის მსახურებს მთვარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

1667. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1668. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1669. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა, ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.