ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

1272. პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1273. “შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1274. “სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1275. “ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ-მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია; მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არ-დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

1276. “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

1277. “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1278. “გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთანა

1279. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1280. “ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი – ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1281. “ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია.

1282. “ხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან? ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან, გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1283. “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქვა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1284. “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად. მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად; ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1285. “სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების, აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1286. “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა; კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1287. “ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთ შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1288. “ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1289. “შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა; ჩემი სთქვა, სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა; არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა. ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.