ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1194. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად.

1195. “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა, ამად გკადრე: “ნუ მოხვალო”, მოგაგებე მონა წინა.

1196. “აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1197. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1198. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1199. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1200. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს: წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1201. ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1202. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა

1203. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1204. “დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა.

1205. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1206. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1207. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1208. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1209. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, – აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია.

1210. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?! როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

1211. “როშაქ ბრძანა: ”მო-ცა-ვინ-მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები”.

1212. “გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.