ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

1204. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1205. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”

1206. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1207. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს: “ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1208. ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სადარე? მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჰსჩანს ყოვლი, სად არე!

1209. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა!

1210. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1211. “დღესა ერთსა, საღამოჟამ,ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა!

1212. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1213. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; სთქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ჰხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1214. “მათ სხვათა მათი ამბავი სთქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1215. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა, – მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1216. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ჰზის მორჭმული წოდია.

1217. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, – ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? – როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1218. “როშაქ ჰბრძანა, – ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები! მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყვები”.

1219. “გვითხრა მისთა ხელისათა, – “წავალ, თანა წამომყევით! – წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

1220. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, – მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! – დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1221. “ზოგთა სთქვეს, – არის ცისკარი, – ზოგთა სთქვეს, – არის მთვარეო! მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1222. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენი თქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.