ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

1164. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასულ-იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1165. მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, – მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა – დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1166. მეფემან ჰბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა,” დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დაჰსვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1167. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისა, ხელმწიფე დასჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისა, უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისა. სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისა.

1168. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიძს ჩემი მკლველი, სადაური სად მოსულვარ, ვის მივხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1169. კვლაცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!”

1170. ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცდარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს ნობასა.

1171. არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია: მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1172. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცთ თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა: ესე სჯობს, მოგცეთ საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით; თვარა დავიწყებთ ნანასა.”

1173. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი.”

1174. მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა, ჰნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1175. რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა; შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა; კვლა აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1176. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აღიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული ჩაუნთქმელი.

1177. მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა, ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ჰბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვევო?” შემანანა.

1178. მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, სადამდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა.

1179. შეველ ფიცხლა საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი; ჰგვანდა, ოდეს ლომსა შესჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი! წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

1180. დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი?”

1181. “მოჰნახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი; დაჰხედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1182. მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო საქმე კვლაცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი, მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი, – კაცსა დაჰსვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1183. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჩაჩნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!