ვეფხისტყაოსანი, 1927 წ.

77. უბრძანეს: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით, ისარსა მოგუართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთუალვიდითა!” დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

78. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ–მიუწვდომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუჴდეს, ჭურეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

79. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჴოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივის, მონანიყე მიართმიდეს. მჴეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

80. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჴოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

81. იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშურალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მჴნენია.

82. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ სდგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყუებოდეს, უბრძანა: “თქუითო მართალი, ჩუენ თქუენგან არა გუთნებოდეს”.

83. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწემცა დაგუჴოც, ვერა ჰგავ, — ვერათ ვერ მოგეჴმარებით, — ვისგან ნაკრავი გუინახვან მჴეცნი ვერ წაღმა წარებით.

84. “ორთავე ერთგან მოკლული ყუელაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუჴოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქუენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგუიჴოცია”.

85. მეფესა ესე ამბავი უჩანს, ვით მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქუს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

86. იგი ორნივე საგრილად გარდაჴდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმჴნესი სხუათა მჴნეთასა. თამაშობდეს და უჭურეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა

87. ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყუა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

88. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ჴელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

89. მეფემან ბრძანა: “ ვინ არის უცხო პირად და ტანადო. უბრძანა ერთსა მონასა: “ წადი ფიცხლად და ჯანადო“; გიბრძანებს“, უთხარ “ ვერ გიცნობ ჩემთა ლაშქართა თანადო, ვინცა ხარ, მოდი წინაშე, შენ ჩვენგან მონაყუანადო.“

90. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭურეტით მოლიზღარისად, — მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,— ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყუისა თქმად აღარისად.

91. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭურეტს გაკუირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოაჴსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

92. მის მონისა არა ესმა სიტყუა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რასმე ამოსკუნიდა გული ცეცხლთა ნადებარი, ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

93. სხუაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩა ბაგეთა თავი ვარდისა კონამან.

94. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტანს ჰკადრა: “შემიტყუია, იმას თქუენი არა უნდა; თუალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და - “

95. მეფე გაჰკუირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთჳს მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ჴელთა აიღეთ აბჯარი თქუენ საომარე მიდით და აქა მომგუარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.