ვეფხისტყაოსანი, 1976 წ.

1115. “ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, ხვაშიადის ვერ-მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1116. “ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მო-ვით-მე-ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო- ვით- გითხრა ცრემლთა ლამით?

1117. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1118. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! “ამა საქმისა ვერ ცნობა, თქვა, – ჩემი სიძუნწე არსა”. ნუ ეჭვ სულდგმულსა მისებრსა, თუ ვითმე მისებრი არსა!

1119. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1120. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად, კვლავე მი-ვე-ჰყივლა:“ვინათგან ცეცხლი ცხელია წა ნელად, მო-ვითმე-თუ-ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1121. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1122. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1123. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

1124. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

1125. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია, ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვასა ქვიშათა დარია, მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარი-ა.

1126. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა; წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა! რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1127. “რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი; უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1128. “აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1129. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრევა დაექადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

1130. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1131. “ჩვენ, დიდ-ვაჭართა, ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, სმენისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1132. “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით; მდიდარი თუ გლახა ვინ-ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1133. “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.