ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

1125. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა,ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან, მჩქებრად სისხლისა ნაკადი მოჰსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან.

1126. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთუნალად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1127. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1128. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ უთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, კვლვ შევიდი,კვლავ გავიდი.

1129. “ვთქვი: “თუ არ უთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების, არცარა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების.

1130. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა; მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1131. “მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე უთხარ,გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე.

1132. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა, მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა,

1133. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი; უსენ გაჰკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; სთქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი, თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი”.

1134. “ვთქვი, თუ: “არც არა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ჰქმნას დიდი ლმობიერობა”.

1135. “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალვისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მზგავსი ლალისა,”

1136. “რაცა ვკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა, გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა.

1137. “ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხვი-ავაზა პირ-ქუშად ჰზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კვლავცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით”. ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1138. “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ. ძლივს ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1139. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს. უმართლეა, ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს”.

1140. “მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1141. “რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლიდგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი;” მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი”.

1142. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაჰზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. კვლავ შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხმალები”.

1143. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1144. “რა მეფემან უსენს წინა ჰსვა მრავალი დოსტაქანი, კვლავ შეჰსვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი, – რა მუსაფნი, რა მაქანი! – მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.