ვეფხისტყაოსანი, 1903 წ.

1105. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდურად, სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად; რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1106. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა.

1107. “მე შორიდამ, ვერათ ვიცან, მომეახლა, იყო ნავი, ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1108. “გამოჰზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა; ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1109. “მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოჰსვეს კიდობანითა, ახადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1110. “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1111. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი, ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.

1112. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰხოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, გაჰხდი კარგად, ეცადენით”. ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1113. “მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დაჰხოცენით”. დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის-პირს ხანსა არ დაჰზმიდეს.

1114. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა. ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა; ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა. მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა”.

1115. ესე სიტყვა დაასრულნა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1116. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1117. “ვკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა,” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1118. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1119. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა, ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა, თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1120. “ვთქვი, უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა, მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა”.

1121. “ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი. ცრემლსაჰსეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1122. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არ-ვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1123. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. შევეხვეწი, დადუმდიო, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მევა.

1124. შინა შევედი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნის ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.