1059. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია; მოვიდეს და თაყვანი- სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.
1060. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
1061. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის - ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!
1062. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.
1063. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა; ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?
1064. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, – ყმა მას კაცსა ეუბნების, – “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.
1065. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ- სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.
1066. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.
1067. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, არ თუ ცუდად წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.
1068. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.
1069. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
1070. “თქვენებრთა საბატიოთა მათგან ხამს გამოსვენება; გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება. დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება;
1071. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.
1072. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.
1073. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.
1074. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.
1075. ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.
1076. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.
1077. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ- ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.