ვეფხისტყაოსანი, 1982 წ.

1039. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; ნავი სრულად საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1040. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ხლებოდეს, მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1041. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1042. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცეთ, გვიბოძე; გვიქმნია აქა ყრილობა”.

1043. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა, მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1044. “მე თუცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რას გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი, სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1045. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი; რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ-საკრძალავი; საქმე რამე მიც თქვენშიგან თავისა დასამალავი.

1046. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; “თვით თავადია ჩვენი თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.

1047. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია; მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია; მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1048. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმისა კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

1049. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!

1050. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1051. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1052. “წვრილად მითხარ ყველაკაი,”– ყმა მას კაცსა ეუბნების, – “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1053. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშარო ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1054. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

1055. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1056. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა; პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1057. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.