ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1019. გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვამს მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.

1020. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე; ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვჰკითხეთ თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მდებარე?” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალვარ მე ბარე?!”

1021. “თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

1022. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1023. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების; რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.

1024. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა; თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა; აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

1025. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1026. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.

1027. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1028. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი! მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი”.

1029. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.”

1030. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა

1031. ძელი მოსტყდა და ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი.

1032. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1033. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!” არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1034. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1035. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარული,– გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1036. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა უნდა; ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა, რაგვარ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1037. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა: მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა, “შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1038. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.