ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1579. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი; გზამან გაყარნა, წავიდეს თავის–თავ ანატირენი; კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი, ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1580. გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან; ნახა მზე მისი, მირიდა მისთა სურვილთა წყენამან; მის თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1581. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს, ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს, ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, მოიმატნეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.

1582. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს; ობოლ–ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს; ავთა მქმნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთგან სძოვდეს.

დასასრული

1583. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა, ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.

1584. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის – მზე – მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

1585. დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი! ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1586. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი! რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი, ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1587. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ-მესია– შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ –სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ– მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.