ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1000. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1001. მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1002. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა, სწორად ხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1003. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები, გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1004. “მართალ -ა შენი გამყრელი, - თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1005. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1006. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი. არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი”.

1007. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1008. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა!”.

1009. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1010. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1011. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინველე ჩნდა ვითა”.

1012. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

1013. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: “მოგშორდი, — სიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა! — შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1014. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა; რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1015. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1016. სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

1017. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, — ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა თუ: “ვინ ხართ, ვაჭარნო?” – მათ საუბარი ჰკიდესა.

1018. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “ხმელთა სინათლე და შენ ამოხვე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.