ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

1134. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1135. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინ ხარ და ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1136. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1137. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1138. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ ვუთხრობ ,ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამოვიდი.

1139. “ვთქვი: “თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების, არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების.

1140. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1141. “მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე”. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1142. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”. მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა”.

1143. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი. უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1144. “ვთქვი, თუ: “არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა”.

1145. “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?”

1146. “რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1147. “ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1148. “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივ ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1149. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!”

1150. “მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1151. “რა გამოხდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1152. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. კვლა შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!”

1153. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.