ვეფხისტყაოსანი, 1986 წ.

980. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა.”

981. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

982. მოახსენეს: “ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ხრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი; ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!”

983. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი, ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი? თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი

984. იგი წავიდეს: დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული – რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

985. ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

986. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.

987. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა; იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

988. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.

989. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი წეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, გარდახდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა

990. იგი რა ნახეს, მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

991. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

992. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოყგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

993. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. ,, წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

994. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად: “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

995. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყვარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

996. ფიცხლა ჩავლო იგი ქედი , ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ -ა?” მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

997. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან.

998. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტი არ მიჰხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

999. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?”