ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

942. ლექსთა მკითხველო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია.

943. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

944. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი, ვა სიცოცხლისა თმენანი!”

945. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამეს, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფნა იტირეს, იმგლოვიარეს.

946. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა.”

947. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლეთით წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

948. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა; ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

949. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალი ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხანს იდგეს შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

950. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირემ უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონისასა

951. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი საით ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

952. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს,ხმა მისწვდების ცათამდის, იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა დაცამდის, — კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

953. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

954. ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ ა; იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე, მზეო, და !”

955. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთა და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად?

956. “თვე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს; მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

957. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

958. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.

959. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?

960. “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, როგორ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ არს ლხენითა.