ვეფხისტყაოსანი, 1951 წ.

1078. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.

1079. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”, — აჰკიდა, გააწევინა, — “თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

1080. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა- მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

1081. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, — გაჰკვეთეს, რაცა დაესობის, — მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1082. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1083. “მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავსძლო! ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?!

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

1084. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი.

1085. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1086. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1087. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

1088. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გგავიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი, ოდეს!”

1089. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

1090. თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1091. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა; რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რათგან მინა, რათამცა ვით ვჰპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

1092. “ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1093. თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1094. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა