59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:
60. «დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?».
61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! «კარგა ჰქმენო».– დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა;– ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!».
62. «ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.
63. «ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი,– ვარ საწუთროსა თმობითა,– ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა».
64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: «რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?».
65. კვლა უბრძანა: «თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?». ყმამან ჰკადრა: «მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო».
66. უბრძანა: «რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!». ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: «დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
67. «მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო?– ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!».
68. –«მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!».
69. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: «ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!».
70. მონადირეთა უბრძანა: «მინდორნი მოიარენით, დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით». ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: «მოდით და მოიჯარენით». გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.
71. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
72. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს; ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.
73. უბრძანა: «მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა». დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.
74. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი; მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!
75. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს: მიხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს; რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს, მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
76. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს; ავთანდილის შემხედველთა: «ჰგავსო ალვას, ედემის ხეს».,
77. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია; ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია, იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.