ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, და ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ-ხარ – წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, და ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?”

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა? “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა და ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!”

62. “ეგე არ მიმძიმს, ვეზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სიდგანცა საბრძენებელი ჩვენია, და რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.”

63. “ერთაი მიჰზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლავ ბურთაობითა და ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზრდობითა”.

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. და მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

65. კვლავ უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, და არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო”.

66. უბრძანა: “რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: და ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

67. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია, ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო, ცუდნიღა უკუთქმანია და გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

68. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა! ჰბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, და მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდეს ქებასა!”

69. ავთანდილცა დაგვორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ჰზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: და “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამდღე ვლიდეს.”

70. კვლავ ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად ერთია შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად, და ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.

71. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალნი, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. და გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახჩოსანი, პირს ოქროს რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ ტაიჭოსანი.

73. შეეკაზმა მეფე, შესჯდა, ნადირობას გამოვიდეს, მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს და ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან ჰსრვიდეს.

74. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა”. და დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწდომელი, ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხტომელი მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდეს რომელი, და აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს, მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივის, მონანი ყე მოართმიდეს და მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჰხოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს და ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”,

78. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი ჰჰსდის და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია, და იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.