ვეფხისტყაოსანი, 1883 წ.

780. “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჰხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, და მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

781. “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად? და მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად.

782. “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, და ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის მიმართ ოდეს გაიპარა

783. დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: “ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად, ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად! და შემინდევ და წამატანე მოწყალება ღვთაებრისად!

784. “ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა, – კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: და “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

785. “რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა! არა ვიქ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, და მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთაწყობისა.

786. “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ. “სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ, და შენ არ ჰსჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

787. “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ჰზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, და იგი გაჰხდის წამის ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

788. “რაცა ღმერთსა არა ჰსწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი სჭკნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რადმე ეშვენების და მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების!

789. “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა! ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, და სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა.

790. “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა, და არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

791. “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად და მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად.

792. “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა! მეფეო, ნუ თუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,- და პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

793. “არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა! ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა, და რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა გვიანსა?!

794. “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მღმეჭელსა, შედრეკილსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა! კაცი, ჯაბანი რითა ჰსჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა, და ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

795. “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ-გულოვანი ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი. და ჰსჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

796. “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად: ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად! მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად! და თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

797. “თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, და მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე, მლმობელმან.

798. “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,- მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები: და მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.