ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

750. კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი! წა, უკუდეგ, ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

751. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა: “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

752. ვაზირმან, გლახ, გამორიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

753. თქვა: ”ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!”

754. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა; ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა, ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

755. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: – მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! – “ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

756. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა; რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა; ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

757. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქნეთ, ცთომით არ წამკიდებია; ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია; განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია.”

758. ყმამან უთხრა: “აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს, ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

759. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა; ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

760. “მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების, ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების; არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების, მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”.

761. მოიუბნეს; ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი; მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი. გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

762. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან, სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ, მიუმცთარომან, სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

763. შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო, ვალთა შენთა გარდსახდელად რა ნაცვალი მოვიგონო? თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო, სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

764. მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი! კაცი იყო საქმისამცა შესაფერი, შესატყვისი; ასრე უნდა მოხმარება, გავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ავთანდილისაგან შერმადილის საუბარი

765. შერმადინს ეტყვის, უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი: “ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი, შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”. მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი.

766. იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მომისმინა; მან არ იცის, რათა ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა; უმისომცა ნუ ცოცხალვარ ნუცა გარე, ნუცა შინა! რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!

767. “თუცა მისი არ-გაწირვა, ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს; გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს, კაცსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ქსუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;

768. “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა: პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა, მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა, გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.