ვეფხისტყაოსანი, 1953 წ.

730. ყრმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ზენა ბუქმან”.

731. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

732. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

733. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ -ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა, – ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

734. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება და; რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებად ა.

735. “ოდეს წამოველ, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

736. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

737. “რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა, უსტასრასა: არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

738. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან! მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვაო, ალვისა ხემან, გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

739. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

740. “წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს”.

741. კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

742. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

743. “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდ რა ვინ მისაგმაროს.

744. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: “ეგე სიტყვა ვითა სთქვიო? რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!>> სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

745. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ. ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

746. ყმა ატირდა, სულთქმით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

747. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

748. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან!

749. “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.