ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

691. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად; ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, “ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”

692. ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა; იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა, რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

693. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიც ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

694. “ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

695. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!

696. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების, რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

697. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა; ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს, უიცისა, ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მი-ცისა?”

698. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, თუ გეახლო, ერთხლ ვა და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

699. “ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! გული ძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი; დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითგან ჩანს ნასამალი; მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!

700. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე! ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე! მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.

701. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი, ამაზედა ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ქმნა მისი საწადელი, ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი.

702. რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს: ვაი მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს, ახი, ოს!

703. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა; ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

704. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

705. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად; მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

706. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

707. ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა, მიაწარებს; საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

708. ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების; ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

709. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

710. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.