ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

671. შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით, მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

672. როსტევან, მეფე უკადრი, მორჭმული, შეუპოველი, - შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი: “ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”. ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი”.

673. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა: “ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”. იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა, მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.

674. მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა; ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა. მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა, დიდებულთა ჯარისაგან ზოგნი ჰგვანდეს ვითა მთრვალსა.

675. რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანი-სცა მეფესა; აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა; გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა; მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.

676. მას ავთანდილ თაყვანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა, სახლ-საყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა.

677. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა; ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი, ვითა დრამა.

678. სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა; დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა; მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა, მერმე მისი, უცნობოსა, რა ენახა, რა ესმინა.

679. “მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა: მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა, ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა, ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის ა!”

680. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან, ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან, ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან. წვრილად უამბო ამბავი მან, მისმან მონასმინამან.

681. “ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები, აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

682. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, ეამა; ქება ვარდისა ბროლისა განამჭვირისა; “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა!”

683. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა; მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა. კვლა საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა. მისვლა ებრძანა; ეამა, თქმა არ ეგების ენითა.

684. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარ–სრული, მრავალ-წყალი, მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

685. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი; ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი, მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი!

686. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა; სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა; უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა; უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

687. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

688. “მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მი-ნები; იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები”. მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”. მერმე კვლა ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

689. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩსო, ვით ნადირსა, ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

690. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების? მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების: ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”