ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

642. “მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი, ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

643. “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს, მისთა სპათა მუხლ მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”

644. “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, ნუ ვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

645. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი, თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი”.

646. “ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით, მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

647. “ფრიდონისით წამოსრულმან წაველ ძებნად, კვლავ ვიარე, რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, მაგრა მისსა მჰნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

648. “ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარაა სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა, ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

649. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაჲ,ჰაჲ, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა.

650. “უშენოსა ნუმცა ვჰნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა; – თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა!”

651. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

652. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვე, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს.

653. “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

654. “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომიჰნახავს; ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულსთქვამს, ზოგჯერ ახავს, რადგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს.

655. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები; მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები; მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები; სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

656. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა; ავთანდილსცა ცრემლი წაჰსდის წამწამთაგან ერთ-სახე, წა, მერე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

657. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან; გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე-გაარმებულმან, აწ წადი, ჰნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

658. ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ მომეთმინების; თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

659. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი; მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

660. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი; ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი, – კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

661. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო; შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.