ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

585. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უჰნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.

586. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მჰნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა.

587. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა; არ ვუსმენდი არც ვეზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა, – კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

588. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ -ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა

589. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

590. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური, ვერა მეცნა ეგ ზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

591. “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

592. “ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

593. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

594. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ:” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”.

595. მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

596. “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა; მერე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

597. “პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შექმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?

598. “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი, ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

599. “მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს; თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკე დარჩა სანადირო,არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

600. “დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნ გასვლა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე: სპათა ვუთხარ, – “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! – ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

601. “ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არა მოვკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, – ჩემთა რად დავჰრიდოდა: – დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა.

602. “მართლად იჯავრეს, – წუნობა მათი თუ ესე ჰხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

603. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შეველ, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა-წამოქელვა.