ვეფხისტყაოსანი, 1953 წ.

575. «მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

576. «დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: «თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან»; მან ეგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან»

577. «პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს; შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს. დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს; «ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

578. «როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!»

579. «ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

580. «რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

581. «მან უთხრა: «წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია», მათ გაეხარნეს, ხმა- მაღლად იყივლეს: «იპი, იპია». ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.

582. «ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა». დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

583. «რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

584. “მე ვუთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?– რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!– აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

585. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა».– აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!

586. “შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მიველ, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

587. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

588. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა».

589. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

590. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა

591. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

592. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

593. “ზახილი მესმა,- შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.