ვეფხისტყაოსანი, 1887 წ.

546. “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი; ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი”.

547. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო” , მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა-რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დაჰხარა.

548. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია; გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე-უმეცრულია”.

549. “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოჰსდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი.

550. “მეფემან ჰბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ჰნახენ,ნუ წახვალ, შენგან ესეცა კმანია”.

551. “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა; მოვიდა სიძე, გარდაჰხდა, – დღე ჰგვანდა არ აღვსებისა – შეიქმნა გასლვა შიგანთა; ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

552. “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მზგავსი ალვისა ზრდილისა”

553. “ცხენისაგან არ გარდავჰხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავაქილდი!”

554. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, – მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე – წავდეგ, მიბრძანა: “რასა დგი, დღე მიგიჩნს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუე და კვლავცა მოიმცდომარე?”

555. “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუ-ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, – არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

556. “ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ, სასიძო ვითა წვა, ზარმც-ა თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.

557. “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდათ საარაკე, ცხენსა შევჯე, წამოცავე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

558. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოველ, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი; ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

559. “კაცი გავგზავნე, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა;” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

560. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

561. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

562. “მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა! მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ჰხამს მქმნელი სამართალისა; მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

563. “იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა–საჯდომია! ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე; ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამარლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომია!

564. “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ–მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა-შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!

565. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე, ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”.